ახალი წელი სვანეთში
საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს განსხვავებულად და კონკრეტული დრადიციების დაცვით ხვდებიან. მათი ადათ-წესები მეტად საინტერესო და ცოტა უცნაურია. სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ. ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.
No comments:
Post a Comment